logo
ENG



გიორგი ბარამიძე და მისი ცოლი "დაუმორჩილებლობის მარშში" მონაწილეობის გამო დააჯარიმეს

10 თებ 202114:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/10/cs9d02lg30zv9xj.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე და მისი მუეღლე პოლიციამ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობის გამო დააჯარიმა. 

როგორც ბარამიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს რომ 2000/2000 ლარით დაჯარიმებულები ვართ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობის გამო.

ავუხსენი, რომ ეს მოქმედება იყო, ჩვენი პოლიტიკური პროტესტი პოლიტიკური მოტივებით მოქმედი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი და ხალხის კიდევ უფრო მეტად  გამაღარიბებელი შეზღუდვების წინააღმდეგ.

ამიტომ ცხადია არ ვეთანხმები ამ ჯარიმის სამართლიანობას და ვაპირებთ შესაბამისი წესით სასამართლოში გავასაჩივროთ. არა პოლიტიკურ შეზღუდვებს!", - წერს ბარამიძე.

თბილისში, დედაენის ბაღში "დაუმორჩილებლობის აქცია" 6 თებერვალს გაიმართა. იმავე ღამით, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ერთ-ერთი მათგანი იმის გამო დააჯარიმეს, რომ დედაენის ბაღის ტერიტორია დატოვა და აფთიაქში წამლის საყიდლად მიმდებარე ქუჩაზე გადავიდა.

აქციის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელები ამბობდნენ, რომ დაჯარიმდებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებოდა. 

გუშინ, 9 თებერვალს, შსს-ში განაცხადეს, რომ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილე 19 მოქალაქეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


close დახურვა